
ლუი XIV-ის შიში ბანაობის მიმართ დაუძლეველი აღმოჩნდა. მეფემ ცხოვრების მანძილზე სულ სამჯერ იბანავა. XVII საუკუნის ფრანგ დიდგვაროვნებში გავრცელებული მოსაზრების თანახმად წყალი დაავადებების გავრცელების გზა იყო, ნაკლები ბანაობა კი ნაკლებ საშიშიროებას უდრიდა.

ვერსალი კი სერიოზულად ყარდა!
სასახლე სავსე იყო თასებით, რომლებშიც სურნელოვანი ყვავილების ახალთახალი ფურცლები ეყარა. ავეჯზე აპკურებდნენ სუნამოებს, შადრევნები ტკბილ არომატებს აფრქვევდნენ. ვერც ერთი სტუმარი ვერ შევიდოდა ვერსალში სუნამოთი გაჟღენთვის გარეშე. საფრანგეთის სასამართლოს მოოქროვილ დარბაზში ჰაერი იმდენად არომატული იყო, რომ ხალხმა სამართლიანად უწოდა მას "სურნელოვანი სასამართლო".

ამ მდგომარეობამ აიძულა "მეფე მზე" პარფიუმერები ახალი სიმაღლეების დასაპყრობად წაეხალისებინა. სპეციალურად მისთვის შეიქმნა კვირის ყველა დღის აღმნიშვნელი სუნამო. მეფის პერანგები ირეცხებოდა სურნელოვან წყალში 'Aqua Angeli' (ქოქოსის, ალოეს, ვარდის ნაზავი). მეფის საყვარელი - მადამ დე მონტესპანი ვანილიან წყალში ბანაობდა და სუნამოს დიდ რაოდენობას მოიხმარდა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ გადაეფარა მონარქის სურნელი. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, სუნამოებზე გაგიჟებული ლუი სიცოცხლის ბოლო წლებში მხოლოდ ფორთოხლის ხეების ჰაეროვანი და მსუბუქი არომატებისადმი იყო ტოლერანტული. მას ხშირად იხილავდით ვერსალის ბაღის იმ ნაწილში, სადაც აღნიშნული ხეები მრავლად იყო გაშენებული.

ამასობაში, პარფიუმერებმა დიდი გავლენა და სახელი მოიხვეჭეს, მათ დამატებითი უფლებებიც კი მოიპოვეს. უზარმაზარი თანხები ხმარდებოდა სუნამოების წარმოებას, არისტოკრატები არაფერს იშურებდნენ საოცნებო და გამორჩეული არომატების მოსაპოვებლად, მაგრამ ყველა დაჩრდილა მადამ პომპადურმა, რომლის კოლოსალურ ხარჯებში სუნამო N1 იყო. დიდგვაროვანთა შორის ჩვეულებად იქცა ექსკლუზიური სუნამოების დაკვეთა. ჰერცოგინია ლუიზა დიუმონტის სუნამო ცნობილი იყო, როგორც‘ à la Maréchale’ (ირისით და იშვიათი ბალახებით). კონტის პრინც მუდამ თან დაჰქონდა არომატების მთელი კოლექცია.

სასტიკიი და დაუნდობელი იყო კონკურენცია პარფიუმერთა შორის. უფრო სასტიკი ბრძოლა კი ინგრედიენტებით მომარაგების ბიზნესში გაიმართა. მონპელიე და გრასი (ქალაქები საფრანგეთში) საერთოდაც თავებით დაეჯახნენ ერთმანეთს. ბრძოლის მოსაგებად მომმარაგებლები ითხოვდნენ სამეფო გარანტიებს, ხლართავდნენ ინტრიგებს, თანხმდებდნენ ყოველგვარ ბინძურ გარიგებას. ჩატარდა უამრავი ექსპერიმენტი. დაირგო ახალი ჯიშები - ციტრუსები, იები, ლავანდები, ვარდები, რომლებიც დღემდე ყვავიან გრასის შემოგარენში.რასაკვირველია ბრძოლაში გრსამა გაიმარჯვა, სწორედ ეს ქალაქი ითვლება ფრანგული პარფიუმერიის გულად.

პარფიუმერებმა საკუთარი ნაწარმის უფრო ფართო მასებში გასაყიდად ინოვაციურ ხერხს მიმართეს. მათ დაიქირავეს ე.წ. აგენტები, რომლებსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით აგზავნიდნენ და თან ატანდნენ სპეციალურ აღჭურვილობას. აგენტს თავზე არომატის მფრქვევლი ქუდი ეხურა (იხ. ფოტო), ასე ის ადვილად იპყრობდა ყურადღებას და იწვევდა პოტენციური მომხმარებლების დაინტერესებას.
ისინი მხოლოდ სუნამოებს როდი ყიდნენ, თან ჰქონდათ უცნაური მიქსტურების, ელექსირების და წამლების მთელი წყება. ალბათ აქ გადაიკვეთა ფრანგი ექიმებისა და აგენტების ინტერესბი, რომელთა მოღვაწეობა რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე დასრულდა, რადგან სასამართლოს ექიმმა მეფეს სთხოვა აეკრძალა მათი საქმიანობა და განედევნა ქუჩებიდან.

მოგვიანებით, ასპარეზზე გამოჩნდა მეტად გლამურული ფიგურა, ქალი, რომლისთვისაც ყველა პარფიუმერს სურდა ემუშავა. საწადელ მიზანს მხოლოდ ერთმა - ჟან ლუი ფარგონმა მიაღწია, რომელიც მონპელიედან გახლდათ. მართალია მას დიდება არც მშობლიურ მხარეში აკლდა, მაგრამ მაინც ვერსალის ბრწინვალებაზე ოცნებობდა. ფარგონმა ელიტარული, ელეგანტური ბუტიკი გახსნა. საოცარი არომატებით მალე მიიზიდა სამეფო კარის ელიტა. ფრანგი თავადაზნაურებისთვის სუნამოების შექმნის გზით მიიპყრო მარია ანტუანეტას ყურადღება და მალევე შეხვდა ტრიანონის სასახლეში. სულ ეს იყო. იმ დღიდან მოყოლებული ფარგონი ანტუანეტას 14 წელი ემსახურა, საფრანგეთის რევოლუციამდე. ის ქმნიდა მდიდრულ არომატებს, რომლებიც ზუსტად გამოხატავდნენ ამ მგზნებარე ქალის ბუნებას. აქედან ორი ნამდვილად განსაკუთრებული: ‘Sillage de la Reine’ და ‘Jardin Secret’ დღემდე იპყრობს როგორც სუნამოების მოყვარულთა, ასევე პარფიუმერთა ყურადღებას.
შემდეგ კი მოხდა რევოლუცია. პარფიუმერებს მშფოთვარე დრო დაუდგათ, მაგრამ სცენაზე ახალი გმირი გამოჩნდა, რომელსაც თვეში 50 ბოთლი სუნამო სჭირდებოდა. ვინ იყო ის? (იხილეთ ბმული)
コメント