ცხვირი - ქალის თუ მამაკაცის პროფესია?
როდესაც ვსაუბრობთ ცხვირებზე, რომლებმაც პარფიუმერიის ისტორია შექმნეს, მათ სრულ უმრავლესობას მამაკაცები წარმოადგენენ: ეიმე გერლენი, ფრანსუა კოტი, ოლივიე კრესპი... და მრავალი სხვა! მაგრამ არიან ამ სიაში ქალები? აღორძინების ეპოქის მდიდრული კომპოზიციებიდან დაწყებული, ნაპოლეონის საყვარელი ოდეკოლონის სიხალასით დამთავრებული, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული არომატული სითხეების შემქმნელები თითქმის ყოველთვის მამაკაცები იყვნენ. თუმცა, ზოგიერთმა ქალმა თავისი მახვილი ყნოსვით შეძლო ამ დახურულ სამყაროში გზა გაეკვალა.

ტაპუტი-მეფის პარფიუმერი
თქვენ ალბათ არ იცით მისი სახელი, მაგრამ ის ნამდვილად იყო ერთ-ერთი პირველი ქალი პარფიუმერი ისტორიაში. მას Tapputi-Bellet-ekale-ს („სასახლის თანაშემწე“) ეძახდნენ. ტაპუტი განთქმული ქიმიკოსი იყო და ასურეთის მეფის კარზე პარფიუმერად მუშაობდა მაშინ, როცა მესოპოტამიის ეს სამეფო მახლობელი აღმოსავლეთის ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფოდ ითვლებოდა. არქეოლოგიურმა კვლევებმა აღმოაჩინეს ფილები, რომლებზეც ამოტვიფრულია მისი სახელი, ინგრედიენტების სია, ასევე დისტილაციისა და ფილტრაციის აღწერილობები. ტაპუტის მისია იყო სხვადასხვა ზეთების დამზადება სუვერენული მმართველისა და მისი რეზიდენციის ბინადართათვის, ასევე რელიგიური რიტუალების დროს კერპების ქანდაკებების ბალზამირება. მართალია, ისტორიამ არ შეინარჩუნა ტაპუტის მოღვაწეობის დიდი ნაწილი, მაგრამ პარფიუმერიაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მისმა აღმოჩენებმა და ნამუშევრებმა.
ჟერმენ სელიერი-ომისშემდგომი ქალი პარფიუმერი

ისტორია მრავალი წლის შემდეგ, მე-20 საუკუნის დასაწყისამდე მიგვიყვანს...1909 წელს, ბორდოში დაიბადა პარფიუმერიის ერთ-ერთი უდიდესი ქალი ფიგურა - ჟერმენ სელიე, ბოჰემური, ახირებული მამისა და ჰერბალისტი დედის ქალიშვილი. ჟერმენი 1920-იან წლებში პარიზში გაემგზავრა ქიმიის შესასწავლად. დიპლომი მის ხელში ომის საბოლოო დასრულების შემდეგ აღმოჩნდა. სელიერის აღმოჩენას რობერტ პიგეტს, პარიზის მოდის სახლის დიზაინერს უნდა ვუმადლოდეთ. რობერტმა მოუწოდა ჟერმენს შეექმნა თანამედროვე და დინამიური სუნამო, რაც ერთგვარ სიახლეს შემოიტანდა ომის შემდგომ პერიოდში. ასე გამოვიდა Bandit, ბრენდის პირველი სუნამო 1944 წელს.

პირველი წარმატებისა და მისი ძლიერი ხასიათის წყალობით, ჟერმენმა სახელი სუნამოების ინდუსტრიაში მალევე გაითქვა და ერთი წლის შემდეგ ხელი მოაწერა Balmain-თან კონტრაქტს. ამ მცირე დროში შექმნა საკულტო სუნამო Vent Vert, რომლის კომპოზიციაშიც პირველად შემოვიდა გალბანუმი და მწვანე ნოტები.
წლების სვლას მხოლოდ წარმატებების მატება მოჰყვებოდა. 1950-იანი წლების ბოლოს იგი კვლავ თანამშრომლობდა Piguet-თან Fracas-ისთვის. ეს სუნამო იყო ინოვაციური სითხე, რომელმაც ტუბეროზა ახალ სიმაღლეზე აიყვანა, რომელიც აქამდე პარფიუმერიის ინდუსტრიას არ ახსოვდა! სუნამო ექსპორტზე შეერთებულ შტატებში გავიდა, სადაც მას ფენომენალური წარმატება ხვდა წილად. ჟერმენ სელიე თავისი დროის ყველაზე თანამედროვე და ავანგარდულ ფრანგ პარფიუმერად თვლებოდა. მან 1960-იან წლებში გახსნა საკუთარი ლაბორატორია და დამოუკიდებლად განაგრძო მოღვაწეობა.
პარფიუმერი ქალები - მზარდი პარიტეტი

მენტალიტეტის ევოლუციის წყალობით, ქალებმა თანდათან მიაღწიეს წარმატებას სურნელების შექმნისას. ნიშური პარფიუმერიიდან დაწყებული, მოდის დიდი სახლებით დასრულებული, სულ უფრო მეტი ქალის ცხვირი ავლენს თავის ნიჭს ინდუსტრიაში. საფრანგეთში ორმოცდაათამდე ქალი პარფიუმერია. თუ ცხვირის პროფესია ადრე მამიდან შვილს გადაეცემოდა, ამ სამუშაოს მედიასაშუალებებით აქტიურმა გაშუქებამ ხელი შეუწყო სექტორის ფემინიზაციას. პარფიუმერების სკოლების გამრავლების წყალობით, ქალებს საშუალება მიეცათ, მიეღოთ წვდომა სპეციფიურ ტრენინგებზე, რაც საშუალებას აძლევთ გახდნენ დარგის წარმატებული სპეციალისტები.
ჟერმენ სელიეს შემდეგ, ბევრმა პარფიუმერმა ქალმა აჩვენა, რომ მათ აქვთ უნარი. ყველა ამ ნიჭიერი ცხვირის დასახელება შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ის შესანიშნავი ქალბატონები, რომლებმაც შექმნეს მილიონობით ადამიანის საყვარელი არომატები: ენ ფლიპო (La Vie Est Belle-ს თანაავტორი), დელფინ ჯელკი ( Mon Guerlain-ის თანაავტორი), დორა ბაგრიში (Mon Paris-ის თანაავტორი), ამანდინა კლერკ-მარი და გაბრიელა ჩელარიუ (Escada Summer Festival-ს ავტორები), ჟულია მასსე (Si Intense-ის და Si Passione-ის ავტორი)....და მრავალი სხვა.
Commentaires