
ფრანგული რევოლუციის ერა ძალზე სარისკო დრო იყო პარფიუმერებისთვის, რომლებიც ყველაზე შემოსავლიან კლიენტებს გილიოტინაზე კარგავდნენ, თუმცა გილიოტინაზე ყველა სუნამოს მოყვარული როდი ადიოდა. ამ დროს პარფიუმერიის სამყაროს მეტად ძლევამოსილი მოყვარული - ნაპოლეონი მოევლინა. ნაპოლეონის ფავორიტი არსებული ასორტიმენტიდან ოდეკოლონი გახლდათ და მას მთელი ცხოვრების განმავლობაში უჩვეულოდ ბევრს იყენებდა.
თემიდან ცოტას გადავუხვევთ და ოდეკოლონის წარმოშობის ისტორიას მოგითხრობთ.
ოდეკოლონი, მამაკაცების საყვარელი გამოგონებაა და მის შექმნას მე-18 საუკუნის დასაწყისში მცხოვრებ იტალიელ პარიკმახერს უნდა უმადლოდნენ, რომელიც გერმანულ ქალაქ კიოლნში მოღვაწეობდა.

სახელწოდება „ოდეკოლონი“ უბრალოდ ფრანგული სახელწოდებაა გერმანული ქალაქის საპატივცემულოდ. ამ მიქსტურის ნამდვილი დასახელება იყო „Aqua Admirabilis” (შეიძლება ითარგმნოს, როგორც „შესანიშნავი წყალი“) და იყიდებოდა, როგორც „სასწაულმოქმედი წამალი“. ამ “საოცარმა წყალმა” თვით ნაპოლეონის მოწონებაც კი დაიმსახურა. ახალი პროდუქტი ოდეკოლონების მაღაზიიდან იყიდებოდა სახელწოდებით „4711“ .( ცნობისთვის - ოდეკოლონი 4711 უძველესი სუნამოა, რომლის წარმოებაც დღემდე არ შეჩერებულა. )
მაშ ასე, კვლავ ნაპოლეონს დავუბრუნდეთ...

მისი რიგითი შეკვეთა პარფიუმერ შარდენთან ჩვეულებრივ, თვის განმავლობაში 50 ბოთლი ოდეკოლონი იყო. იმპერატორს ძალიან მოსწონდა ოდეკოლონის გამაგრილებელი ეფექტი. ოდეკოლონების მიმართ მისი ამგვარი გატაცება უმიზეზო არ ყოფილა- ცნობილია, რომ ამ სურნელოვანი სითხის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი როზმარინი გახლდათ. როზმარინები კი განსაკუთრებით მრავლად კორსიკაზე ხარობენ, სადაც ნაპოლეონი დაიბადა. 1806 წლის შესყიდვის დოკუმენტში 162 ოდეკოლონის ბოთლი ფიქსირდება, რომლის ღირებულებაც სულ 423 ფრანკი იყო.

გავლენიანი კლიენტის მოსაპოვებლად გამართული ფარული ბრძოლა შარდენმა მალე წააგო და იმპერატორი სხვა პარფიუმერის კლიენტი გახდა, რომელმაც გამოუშვა ექსკლუზიური ხაზი სახელწოდებით “იმპერატორისთვის”.
სუნამოების სიყვარულზე უარი ბონაპარტს ვერც ტყვეობამ ათქმევინა.
ცნობილია ისიც, რომ ნაპოლეონი სუნამოებით ჟოზეფინასაც ანებივრებდა. შარდენის ჩანაწერებში საკმაოდ მრავლადაა მოცემული ფლაკონები ჟასმინის არომატებით, რომელიც ძალიან უყვარდა ჟოზეფინას. ჟოზეფინა მოდის მიმდევარი ქალი გახლადთ და მისი ოთახები ყოველთვის სავსე იყო სურნელოვანი ყვავილებით. ის ჭკუას კარგავდა ჰიაცინტებზე და მიგონეტებზე (მიგონეტებს იის მაგვარი არომატი აქვთ). ამ უკანასკნელის თესლი ნაპოლეონმა მას პირდაპირ ეგვიპტიდან, ამ ყვავილის მშობლიური მხარიდან გამოუგზავნა. მიგონეტები მალე გახდა საფრანგეთში პოპულარული და ფრანგული ელიტა ამ ყვავილს „პატარა ძვირფასსაც“ კი ეძახდა, მალე ამ პატარა, მაგრამ სურნელოვან ყვავილს შენიშნავდით ყველდან აივნებსა თუ ქუჩებში.
იები. ჟოზეფინა შეყვარებული იყო იების სურნელზეც. დედოფალი სიკვდილამდე ვარდების უდიდესი ბაღის მფლობელი იყო, მაგრამ გამოიცანით რა სუნამოს ატარებდა? დიახ, სწორედ იების არომატი იყო მისი ფავორიტი. ნაპოლეონმა საყვარელი ქალის საფლავიც იებით შეამკო. საუბრობენ იმაზეც, რომ ჟოზეფინას საპატივცემულოდ ყოფილი მეუღლე ყოველთვის თან ატარებდა გამხმარ იებს, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ კისერზე ჩამოკიდებულ მედალიონში იპოვეს.
მოგეწონათ ისტორია? არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ მეგობრებს.
Comments