
ეკატერინე დე მედიჩი, საფრანგეთის დედოფალი მე-16 საუკუნეში, ხშირად ბნელით მოცულ საქმეებთან ასოცირდება. დღემდე, დაზუსტებით არ არის ცნობილი ეს უბრალოდ ჭორებია რომლითაც ძლევამოსილი და დაუნდობელი ეკატერინეს ისტორიული ფიგურა მყარდება თუ სასტიკი სინამდვილე.
დედოფალ ეკატერინე დე მედიჩის გავლენა პარფიუმერულ ინდუსტრიაზე ისტორიის, კულტურისა და ფუფუნების მომხიბლავი ნაზავია. იტალიური პარფიუმერიის ტექნიკის დანერგვა საფრანგეთში და მისი ხანგრძლივი გავლენა სუნამოების ტენდენციებზე არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოაყალიბა ერთი დედოფლის პირადმა პრეფერენციებმა ფრანგული სუნამოების მთელი ინდუსტრია.
ეკატერინე დე მედიჩი, დაიბადა ფლორენციაში, იტალიელი მედიჩების ძლიერ ოჯახში და ახალგაზრდობიდანვე მიჩვეული იყო იტალიური ცხოვრების დახვეწილ ფუფუნებას, სადაც სუნამოები უკვე კარგად დამკვიდრებული ხელოვნების ფორმა იყო. 1533 წელს, როცა ეკატერინე საფრანგეთის მეფე ჰენრი II-ზე დაქორწინდა, მან თან ჩამოიყოლა არა მხოლოდ გემოვნება მოდაში და კულინარიაში, არამედ პარფიუმერულ ხელოვნებაში.

რენე ლე ფლორენტინი: პარფიუმერიის რუხი კარდინალი
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მედიჩის ქორწინება მისი გავლენის დასაწყისი იყო ფრანგულ კულტურაზე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი კი რენე დე ფლორენტინის, მისი პირადი პარფიუმერის, საფრანგეთისთვის წარდგენა გახლდათ. რენე არა მხოლოდ დახვეწილი სუნამოების შექმნაში იყო დახელოვნებული, არამედ საკმაოდ გაწაფული იყო, რომ ალქიმიასა და შხამებში, რაც მის პერსონას იმთავითვე იდუმალების ბურუსში ხვევდა.
რენემ სახელოსნო ლუვრში მოიწყო, სადაც კეტრინის გემოვნებაზე მორგებულ სუნამოებს ქმნიდა. და რადგანაც ხშირად იყენებდა იშვიათ, ეგზოტიკურ ინგრედიენტებს, როგორებიცაა: ამბრა, მუშკი და სხვადასხვა ყვავილების ესენციები, სწრაფად მოიპოვა პოპულარობა საფრანგეთის თავადაზნაურობაში.

რენეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქმნილება პარფიუმერული ხელთათმანი იყო, აქსესუარი, რომელიც მოდურ და აუცილებელ ნივთად იქცა ფრანგულ თავადაზნაურობაში. ეს ხელთათმანები გაჟღენთილი იყო ლავანდის, ვარდის და ჟასმინის ესენციებით.
ყველაზე გავრცელებული ჭორი რენე ლე ფლორენტინის გარშემო არის ის, რომ ის იყო არა მხოლოდ პარფიუმერი, არამედ შხამის ექსპერტიც. ლეგენდის თანახმად, ეკატერინე დე მედიჩიმ რენე გამოიყენა არა მხოლოდ სუნამოების, არამედ სასიკვდილო ნაზავების შესაქმნელად, რომლებიც მისი პოლიტიკური მტრების წინააღმდეგ გამოიყენებოდა. ითვლებოდა, რომ ამ შხამებს რენე სუნამოებსა და მოდურ სურნელოვან ხელთათმანებში მალავდა, რაც მათ ჩუმ და ეფექტურ იარაღად აქცევდა.
ხმები დადიოდა იმის შესახებაც, რომ რენეს სახელოსნო ლუვრში საიდუმლო ლაბორატორიებსაც მოიცავდა, სადაც ის ალქიმიურ ცდებს ატარებდა. ამ ისტორიებმა ის მისტიკის ბურუსში გაახვია და ბნელ და საშიშ ფიგურად წარმოაჩინა არამხოლოდ სურნელოვან ხელოვნებაში, ასევე სიკვდილის მეცნიერებაში.
რენეს სავარაუდო მონაწილეობა ეკატერინეს მეფობის ბნელ ასპექტებში, განსაკუთრებით მისი მტრების მოწამვლაში, მრავალი მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ისტორიების მხარდასაჭერად კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს, ჭორები ჯიუტად არსებობდა მთელი ისტორიის განმავლობაში, რაც ხელს უწყობს ეკატერინეს, როგორც მაკიაველის მიერ წარმოდგენილი პოლიტიკური ფიგურის იმიჯს, რომელიც იყენებდა მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
ჭორები რენე ლე ფლორენტინის, როგორც შხამების დამამზადებლი შესახებ, ძირითადად სპეკულაციურია და გამოწვეულია იმდროინდელი პოლიტიკური კლიმატით, ისევე როგორც ეკატერინე მედიჩის გარშემო არსებული მისტიკა. რენესანსის ევროპა ხომ სავსე იყო შხამისა და ინტრიგების ზღაპრებით და რენეს მჭიდრო კავშირმა ეკატერინესთან ასეთ ისტორიებს მხოლოდ ბიძგი მისცა.
სინამდვილეში კი რენე, სავარაუდოდ, მაღალკვალიფიციური პარფიუმერი იყო, რომლის მუშაობამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საფრანგეთში პარფიუმერიის განვითარებაზე. მისი იტალიური ტექნიკის დანერგვამ და მისმა ინოვაციებმა სუნამოების შექმნისას მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფრანგული პარფიუმერული ინდუსტრიის ჩამოყალიბებაზე.
და მაინც ვინ იყო რენე დე ფლორენტინი? ბრწყინვალე ხელოსანი თუ ბნელით მოცული ალქიმიკოსი, რომელიც პატრონის სასარგებლოდ ხლართავდა ინტრიგებს? რენეს მემკვიდრეობა დღემდე რჩება განხილვის საგნად.
თქვენ როგორ ფიქრობთ?
Comments