ფაშისტებისგან გაქცეულმა ძმებმა ვერტჰეიმერებმა, (პირველი ნაწილის წასაკითხად გადადით ამ ბმულზე) 1940 წლის აგვისტოს დასაწყისში ჩააღწიეს ნიუ-იორკში. მათმა მგზავრობამ ორ თვეს გასტანა. ძმებს სასწრაფოდ უნდა დაეწყოთ ბიზნესის რეორგანიზება. გალერეა ლაფაიეტის კედლებში წამოწყებული საქმე დაკარგულად ითვლებოდა. ოკუპაციიდან მალევე გალერეა ლაფაიეტის ვიტრინებზე გამოჩნდა პლაკატები წარწერით "ყურადღება! ებრაელთა ბიზნესი!". ვერტჰეიმერები იძულებული გახდნენ ბიზნესი ამერიკაში გადაეტანათ. ქარხანა ნიუ-ჯერსიში მალევე იპოვეს, მაგრამ ნამდვილი პრობლემები მხოლოდ ახლა იწყებოდა...

რაში მდგომარეობდა მთავარი პრობლემის არსი? მე-2 მსოფლიო ომის დაწყებისას, No 5-ისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვება ძალიან გართულდა. ამ არომატის წარმოება დიდწილად დამოკიდებული იყო გრასის ჟასმინზე. დღესაც კი კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ გრასის ჟასმინს ვერ შეედრება ვერცერთი სხვა ანალოგი. პრობლემის გადასაჭრელად ძმებმა ვერტჰეიმერებმა გრასში ექსტრაორდინალური პიროვნება ჰერბერტ გრეგორი თომასი გააგზავნეს. ის Bourjois-ის ვიცე პრეზიდენტი გახლდათ. ეს გიგანტი კაცი თავისუფლად მეტყველებდა რამდენიმე ენაზე, ეხერხებოდა გამოსავლის სწრაფად მოძებნა და კარგად გამოსდიოდა მოლაპარაკებები, მას თამამად შეგვიძლია იმ დროის აგენტი 007 ვუწოდოთ.

მაშ ასე, თომასი საფრანგეთში გაემგზავრა ჩემოდნით, რომელშიც ოქროს ზოდები ჟასმინის კონცენტრანტის შესასყიდად ეწყო. მან ამერიკა ბრაზილიელი დიპლომატის ყალბი საბუთებით დატოვა, ევროპაში პორტუგალიის(ნეიტრალური ქვეყანა) გავლით შეაღწია, შემდეგ კი პარიზში ჩავიდა. საფრანგეთში ვერტჰეიმერების თხოვნით ეწვა გალერეა ლაფაიეტს, სადაც შენიშნა, რომ, გერმანელ ჯარისკაცებში No 5-ზე დიდი მოთხოვნა იყო. ამის შემდეგ, მან სასწრაფოდ დატოვა პარიზი და გაემგზავრა გრასში - ჟასმინის სამშობლოში. მან კვლავ ბრაზილიელი დიპლომატის ყალბი საბუთებით გაიარა ყველანაირი კონტროლი და დემარკაციის ხაზს (ხაზი, ზოლი, რომელიც ყოფს ერთმანეთისაგან მეომარ მხარეთა ჯარებს დაზავების დროს) 1940 წლის შემოდგომაზე მიადგა. გრასიდან 30 კილომეტრის მოშორებით ჟასმინის მოსავლის აღება უკვე დაწყებულიყო. მან ჟასმინის მთელი მოსავალი შეისყიდა და ნიუ იორკში 300 კილოგრამი ჟასმინის აბსოლუტით დაბრუნდა.
No 5-ის წარმოება ჩვეულებრივ გაგრძელდა, ვერტჰეიმერებმა კოლოსალური რაოდენობის - 350 000 ცალი ბოთლი დაამზადებინეს. Chanel No 5-ს არამხოლოდ ჩვეულებრივ მაღაზიებში, არამედ მეტად უჩვეულო ადგილზე - სამხედრო ბაზებზეც კი შეხვდებოდით. სუნამო იმდენად პოპულარული იყო ჯარისკაცებში, რომ ისინი ცარიელი ბოთლის ყიდვასაც კი თანხმდებოდნენ. ფაქტია, რომ მე-2 მსოფლიო ომმა ამ არომატის პოპულარობა საგრძნობლად გაზარდა.

გადავინაცვლოთ პარიზში...
1941 წელს, როცა კოკო შანელმა მისი ადვოკატის მეშვეობით Chanel No 5-ის ამერიკაში წარმოების შესახებ შეიტყო, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გაბრაზდა. ის მიიჩნევდა, რომ არომატი გააყალბეს, რადგან ვერაფრით წარმოიდგენდა, როგორ შეიძლებოდა ომის ქარცეცხლის დროს გრასის ჟასმინს ამერიკაში გატანა. ასე წამოიწყო კოკომ ვერტჰეიმერების წინააღმდეგ ომი, მან მოახდინა ყველანაირი კავშირის მობილიზება, რაც კი ნაცისტებთან გააჩნდა და განაცხადა, რომ Chanel No 5-ის წარმოების უფლება მთლიანად მას უნდა გადასცემოდა, როგორც ნამდვილ არიელს. ფელიქს ამიომ (ინდუსტიალიტი და ბიზნესმენი, რომელზეც ძმებმა ვერტჰეიმერებმა ამერიკაში გაქცევამდე გადააფორმეს ქონება) გამოსვალი მოძებნა, მან ნაცისტებთან დაიწყო თანამშრომლობა და ბომბდამშენი თვითმფრინავები დაუმზადა. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, როცა ნაცისტური მთავრობის სასწორზე დიზაინერი და ბომბდამშენების დამამზადებელი აღმოჩნდა ალბათ სიურპრიზი არ იქნება გითხრათ, რომ ნაცისტური სამართლის სასწორი მაშინვე ფელიქს ამიოსკენ გადაიხარა.

საბოლოოდ დამტკიცდა, რომ ებრაელების მფლობელობიდან ამიოს ხელში კომპანია სრულებით კანონიერად გადავიდა. ასე დამარცხდა გაბრიელა შანელი მის მიერ წამოწყებულ ომში.
Comentários